ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს დაზიანებები შაქარაშვილისთვის ერთ ადამიანს მიეყენებინა – ექსპერტი

პუბლიკა

შაქარაშვილის საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დამატებით დეტალებზე საუბრობს.

ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, თეორიულად, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების მსგავსი ტრავმები სხეულს საკმაოდ ძლიერი ზემოქმედების მკვრივი საგნით ადგება და ეს დაზიანებები ერთიანობაში აღებული, წყალში გადაადგილებით და რაიმე  საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა. ალექსანდრე გეჯაძე ხაზს უსვამს, რომ ეს შეფასება „არ ეხება კონკრეტულად შაქარაშვილის საკითხს, ეხება ზოგად თეორიულ პასუხს“.

„გვამის მაკროსკოპული დაკვირვების გზით ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებითი ინფორმაცია, ანუ იყო დამახასიათებელი ნიშნები წყალში დახრჩობისთვის. თუმცა, შეგნებულად თავს ვიკავებდი აღნიშნული სიკვდილის მიზეზის კონკრეტული გაჟღერებისგან, რამეთუ ადგილი ჰქონდა ლპობით პროცესებს. უხერხულია ამის თქმა, მძიმეა, მაგრამ ვალდებული ვარ, როგორც ექსპერტი, ამაზე ვისაუბრო. ეს ართულებდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომლებიც უტყუარად ერთიანობაში, მთლიანობაში მოგვცემდნენ იმის რესურსს და შესაძლებლობას, რომ გველაპარაკა კატეგორიულად სიკვდილის მიზეზზე.

კატეგორიულად და ამჟამად ცალსახად შეიძლება თქმა, რომ აღმოჩნდა პლანქტონი თირკმელში. ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია, განვითარებული წყალში დახრჩობით.

ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 ეთილის ალკოჰოლი, ეთილის სპირტი და ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი სიკვდილის დროს. – ეს ინფორმაციისთვის, რამეთუ, მე ერთხელ გავაჟღერე, რომ თუ არის ალკოჰოლის ჭარბი ზემოქმედება, ამას შეეძლო შეეშალა ხელი გადაადგილებისთვის, მიზანდასახული მოძრაობისთვის და ა.შ.

ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება. აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადში სახის მიდამოში და მენჯისა და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში.

რაც შეეხება სახის მიდამოს დაზიანებებს, მას აქვს საკმაოდ ტლანქი ტრავმა, ორივე თვალბუდის სისხლნაჟღენთების სახით. მთლიანობაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი მკვრივი, ბლაგვი მატრავმირებელი ფაქტორის თვალსაზრისით.

როგორც სხეულის წინა მარცხენა მხარეს და ასევე წელის არეში მიყენებული არაერთი დაზიანება, არანაკლებ ორი დაზიანება საკმაო ძალის ზემოქმედებით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა რეტროპერიტონურ სივრცეში და ასევე მცირე მენჯის წინა ზედაპირზე.

ეს სისხლჩაქცევები მუშტის ჩარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა შედარებით საკმაო ძალის ზემოქმედება.

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები ერთიანობაში აღებული, წყალში გადაადგილებით და რაიმე  საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა.

ნებისმიერი მკვრივი ბლაგვი საგანი – ქვა საკმაო ძალით ზემოქმედების რეჟიმში, რკინის ხელჯოხი, ხის ხელჯოხი, ფეხი – ეს არის ყველაფერი მკვრივი ბლაგვი საგნები, რომელთა ზემოქმედების პირობებშიც სავსებით შესაძლებელია, ამ სახის დაზიანებების განვითარება, ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს პასუხი ჩემი არ ეხება კონკრეტულად შაქარაშვილის საკითხს, ეხება ზოგად თეორიულ პასუხს.

არ დაიჯეროთ, ბატონებო და ქალბატონებო, თუ რომელიმე ექსპერტი ტელესივრცეში ამის მერე იტყვის, რომ „მე მიმაჩნია, ჯერ სცემეს, მერე გადააგდეს, შიშით შევარდა წყალში და დაიხრჩო“ – ეს ყველაფერი გამოძიების დასადგენია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით ამის არც მეთოდიკა არ არსებობს, არც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მატრავმირებელი საგნის იდენტიფიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის რელიეფს დატოვებს კანზე. „თუ წარმოგვიდგენს გამოძიება საგანს, შესაძლებელია ვთქვათ, რომ კი ბატონო, ამ საგნის ზემოქმედების შემთხვევაში ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს დაზიანების მიღების შესაძლებლობას“, – ამბობს გეჯაძე.

ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ შაქარაშვილის სხეულის ქვედა ნაწილზე მიღებული დაზიანება საკმაოდ დიდი და მოცულობითია, თუმცა, მისი თქმით, ასეთი დაზიანების შემდეგაც კი ადამიანი გადაადგილებას შეძლებდა.

„არ გავუსწრებ გამოძიებას, თუმცა, მიმაჩნია, რომ თუკი ეს დაზიანებები მან მიიღო ცემის შედეგად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს დაზიანებები მისთვის ერთ ადამიანს მიეყენებინა იმ ვითარებასა და პირობებში, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს“, – ამბობს გეჯაძე.

რამდენ ადამიანს შეეძლო შაქარაშვილისთვის აღმოჩენილი დაზიანებების მიყენება, ამ კითხვაზე გეჯაძე პასუხობს, რომ ამის დასადგენად მეთოდიკა არ არსებობს და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ თეორიას იმის შესახებ, რომ ცხედარი დამალული ჰყავდათ და შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს, გეჯაძე ამბობს, რომ ცხედარი უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ იმყოფებოდა წყალში.

„მთავარი არხისგან“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ სადღაც დამალული და ცხედარი შემთხვევის ადგილზე ერთი დღის ან დღე-ნახევრის თავზე განათავსეს წყალში.

ცალსახად ვადასტურებ, გვამის გამოკვლევის პროცესში, არსებობს წყალში ყოფნის ნიშნები, რაც ნიშნავს ხელის მტევნების, ტერფების კანი იცვლება სპეციფიკურად, ამას ჰქვია ე.წ. მრეცხავის ხელები, რაც უტყუარად მიუთითებს მასზედ, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში.

მაგრამ მარტო ეს არ არის ამის დამადასტურებელი. გავყვეთ ვერსიას, რომ რამდენიმე დღე ეს პიროვნება იყო მიწის ზემოთ და შემდგომ ჩაუშვეს წყალში – ტემპერატურის გათვალისწინებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ცხედარი, რომელიც თუნდაც ორი დღე და დღე-ნახევარი იმყოფებოდეს არა მიწაში, არა წყალში, ლპობითი პროცესები განვითარდებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებოდა არ გამოძიებას, არც ჭირისუფალს და ამოცნობა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ტანსაცმლის დახმარებით“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.


საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით – შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.