იუსტიციის სამინისტროში ნამახვანის ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის კერძო იურიდიული ფირმის შერჩევის შედეგებმა საბოლოოდ დაადასტურას მთავრობის მიერ ინიცირებული ამ პროცესის არასანდოობა, – განცხადებას ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
მათი შეფასებით, გამართლდა ის რისკები, რაც იურიდიული კომპანიის გამარტივებული შესყიდვის გზით უკანონოდ და გაუმჭვირვალედ შერჩევას ახლდა თან. გთავაზობთ განცხადებას:
„კერძოდ, შერჩეული საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP”-ის ადგილობრივი კონსულტანტი იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის სახელთან მჭიდროდ დაკავშირებული იურიდიული კომპანია MKD იქნება, რაც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასებისთვის ნდობის საფუძველს არ ქმნის.
შეფასება კი FIDIC-ის („კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია”) სტანდარტებთან მიმართებით წარიმართება, რაც ნამახვანის ხელშეკრულებისგან აბსოლიტურად განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სტანდარტით შეფასებას იგულისხმებს და შეფასების თავდაპირველ საჭიროებასა თუ მიზნობრიობას ვერ პასუხობს.
პროცესის მიმართ ნდობის სრულად გაქრობის გათვალისწინებით, საგანგაშოა ის გარემოება, რომ იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული საეჭვო და გაუგებარი შინაარსის დასკვნის მოსაპოვებლად 224 000 ლარს ხარჯავს. პარალელურად, კი ენერგოგაერთიანების მედიაციის პროცესში უკვე მიღწეულია შეთანხმება ნამახვანის ხელშეკრულების ენერგოგაერთიანების (ფინანსური და ადამიანური) რესურსითშეფასებასთან დაკავშირებით, რის გამოც იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის ამგვარი პირობებით დაქირავება მედიაციის პროცესში ჩართული ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აბსოლიტურად მიუღებელი ფაქტია და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას წარმოადგენს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად ინიციირებული შერჩევის პროცესის დასრულების და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია 9 სექტემბერს გავრცელდა. იუსტიციის სამინისტრომ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო იურიდიული ფირმა „CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP (CMS)” შეარჩია, თუმცა როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, აღნიშნული კომპანიის ადგილობრივი კონსულტანტი, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობის საკითხებზე კონსულტირებას გაუწევს და ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ (MKD) იქნება. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კომპანიის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განვმარტავთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში იყო MKD-ს იურისტი და პარტნიორი; უფრო ზუსტად კი, მინისტრის მოადგილე აღნიშნულ კომპანიაში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით (2019 წლიდან) იყო კომპანიის პარტნიორი. მიგვაჩნია, რომ ნამახვანის ხელშეკრულების შეფასებაში იმ იურიდიული კომპანიის ჩართვა, რომელთანაც იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თხუთმეტწლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, უკიდურესად პრობლემურია და პრაქტიკულად არ ტოვებს პროცესისადმი ნდობის უმცირეს შანსსაც კი.
თვეების განმავლობაში ნამახვანის ხელშეკრულება და მისი შინაარსი იყო უმწვავესი საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი და იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის სამინისტროს მაქსიმალურად სანდო და მიუკერძოებელი სუბიექტის ჩართულობა უზრუნველეყო, ხელშეკრულების შეფასებაში რთავს მინისტრის მოადგილესთან მჭიდროდ აფილირებულ კომპანიას, რითაც გარკვეულწილად, ადასტურებს იმასაც, რომ სამინისტრო, რომელიც თავად არის ნამახვანის ხელშეკრულებაზე კრიტიკული დასკვნის ავტორი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კომპანიისგან მწვავე შეფასებას ელოდა და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნის თავიდან ასარიდებლად ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება მინისტრის პირველ მოადგილესთან დაახლოებულ იურიდიულ კომპანიას მიანდო.
Ამასთან, კომპანიასა და სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ იურიდიული კომპანია შეაფასებს ნამახვანის ხელშეკრულების შესაბამისობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, კერძოდ კი, “FIDIC”-თან მიმართებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდოვანია, საერთოდ რა იგულისხმება ფრაზაში “FIDIC-თან მიმართებით”, ან რა კონკრეტული სტანდარტები შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულში. FIDIC-ის (“კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია” (ფრ.)) შაბლონური კონტრაქტები (არსებობს რამდენიმე ტიპის კონტრაქტი), რომელთა შეძენა და გამოყენება შეუძლიათ ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი, გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას, როდესაც პროექტი ხორციელდება შესყიდვის გზით.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნამახვანი ჰესის პროექტი წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო “ენკა”-სგან პროექტირების და მშენებლობის (Design and Build) მომსახურებას კი არ შეისყიდის (რა შემთხვევაშიც რელევანტური იქნებოდა FIDIC-ის კონტრაქტები), არამედ “ენკა” კერძო პარტნიორია, რომელიც საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. საქართველოში FIDIC-ის ტიპის კონტრაქტები გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურა) მშენებლობის მომსახურების შესყიდვისას და იგი გამოყენებული არ ყოფილა არც ნამახვანის და არც სხვა რომელიმე ენერგეტიკული პროექტის ხელშეკრულების შედგენისას და, ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად ნამახვანის ხელშეკრულების FIDIC-თან შედარება და, რაც მთავარია, როგორ უნდა შედარდეს ორი პრინციპულად განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ხელშეკრულებები, სადაც მხარეებიც კი განსხვავებულია;
მით უფრო, რომ არსებობს სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უშუალოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ხელშეკრულებებს მიემართება და რომელთა გამოყენებაც გაცილებით გონივრული იქნებოდა (მაგ., მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო PPP პროექტების სახელშეკრულებო დებულებების შესახებ). აღნიშნული ბუნდოვანება საერთოდ გაუგებარს ხდის შეფასების შინაარსობრივ მხარეს და იმას, თუ რას ემსახურება აღნიშნული შეფასება.
Საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი იუსტიციის სამინისტროს მიერ აღნიშნული შერჩევის პროცესის ინიციირებას იმთავითვე პრობლემურად აფასებდა; კომპანია გამარტივებული წესით და კონკურენტული ტენდერის გარეშე შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის გარეშე შეირჩა, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები. გარდა ამისა, პრობლემური იყო პროცესის დახურულობა და გაუმჭვირვალობაც: შერჩევის პროცესის შესახებ საჯარო ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო უკანონოდ მალავდა, რის გამოც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოსაც მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.