ეკომონიკის სამინისტო ეხმაურება ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიისთვის („ენკა”) გადაცემული ტერიტორიების საკითხს და აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ მათ რიონის მთელი ხეობა გადაეცათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამინისტროს განცხადებით, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. გთავაზობთ განცხადებას:
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას – კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა – როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე”, – წერია განცხადებაში.
„პუბლიკასთან” საუბრისას „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორ კომპანიას მთავრობის 2019 წლის განკარგულებით გადაეცა. მასში საუბარია როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობის უფლებით ტყისა და სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემაზე.
ჭიპაშვილი განკარგულებაზე დაყრდნობით წერს, რომ:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს” გადაეცა 576.3 ჰექტარი (5 763 023 კვ.მ) ფართობის სახელმწიფო ქონება 1705 ლარად, მათ შორის, 198.12 ჰექტარი (1 981 220 კვ.მ) ტყე.
უფრო კონკრეტულად:
- 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბო);
- აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად (მთელი ქონება), გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.
ჭიპაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აღნიშნული განკარგულება გაიცა მანამდე, სანამ ნამახვანჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ნიშნავს, რომ სამინისტრო უფლებას აძლევს პროექტის წარმდგენს, განახორციელოს ის]. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 28 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ქვედა ნამახვანის ჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.
„აქ პრობლემური კიდევ ის არის, რომ ამის გადაცემა მოხდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე. 2019 წლის ნოემბერში, რა იცოდა მთავრობამ, იქნებ ვერ იღებდა ამ ნებართვას პროექტი? ეს არის მანკიერი პრაქტიკა, როცა წინასწარ გადასცეს ქონება, ისე, რომ [არ იცოდნენ იღებდა თუ არა კომპანია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას]”, – ამბობს ჭიპაშვილი.