ნამახვანჰესის კომპანიას უფლება ეძლევა, გამოიყენოს როგორც რიონი და მისი შენაკადები, ასევე ცხენისწყლის რესურსიც - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.

EMC-ის შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ორგანიზაციის თქმით, ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს  ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.

იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული”, – წერს EMC.

გთავაზობთ ორგანიზაციის შეფასების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე კომპანიისთვის ხელშეკრულებით მიცემულ უფლებებს ეხება:

მიწის რესურსი

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

ატომ არის პრობლემა: ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების  (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართეა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს.  თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.

წყლის რესურსი

ხელშეკრულების მიხედვით:  კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. Ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. Წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს.

ატომ არის პრობლემა: კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს  მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ხელშეკრულების მიხედვით: მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.

ატომ არის პრობლემა: კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. Ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ  ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე.

ხელშეკრულების სრული ანალიზი იხილეთ ბმულზე;