ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების თქმით, პოლიცია გადაადგილებას მხოლოდ მათ უზღუდავს

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

„პოლიციამ გადაგვიკეტა გზა სოფელ გუმათში. არ გვიშვებს ზემოთ, სოფელ ნამოხვანისკენ. სხვებს უშვებენ ჩვეულებრივ და ჩვენ, აქტივისტებს არ გვიშვებენ“,  -აღნიშნავს ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას.

როგორც ვარლამმა აღნიშნა, „სამართალდამცავები ხმას არ იღებენ“ და აქტივისტებს გადაადგილების შეზღუდვის მიზეზს არ უხსნიან.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს, თუ რატომ აქვთ ადგილობრივ აქტივისტებს გადაადგილების უფლება შეზღუდული. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა კომპანია „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოა.

„შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებდა სოფელი ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას.

მოცემულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ კომპანიის მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის. აღნიშნული შეფერხების გამო, კომპანია „ENKA” ბოდიშს უხდის მოსახლეობას”, – აცხადებს „ენკა”.