ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა POSTV-ის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, გიგა კოტრიკაძის, განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ.

ქარტიის ინფორმაციით, სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 13 აპრილს გავიდა და ის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხებოდა.

„განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში არასწორად და შეცდომით ხდება მისი იდენტიფიცირება. მისი განმარტებით, როგორც თვითონ, ასევე აქციის სხვა მონაწილეებიც წარმოჩენილია დესტრუქციულ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფად. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ზიანს აყენებს საპროტესტო პროცესს“, – აღნიშნავს ქარტია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

  • პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე – დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე – შესწორება;
  • მეშვიდე – დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.