ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა, კობა სოხაძემ განუცხადა.

მიქაუტაძეს ბრალდება დღეს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 226-ე მუხლებით.

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.

სსკ-ის 226-ე მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან, რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე, ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა.

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 2 წლამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე.


აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 23 თებერვალს დააკავეს. ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივების პროტესტი საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს.