ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. მათ ENKA-ს ერთ-ერთი ბაზასთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი და ხეობისკენ მიმავალ გზაზე კომპანიის მანქანებს არ ატარებდნენ.
დაახლოებით ერთი საათის წინ პოლიციას და მათ შორის შეხლა-შემოხლაც იყო. ვრცელდება ინფორმაცია 10-მდე დაკავებულის შესახებ. „პუბლიკა” მათ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.
„ავდივართ კარვების მიმართულებით. იმიტომ, რომ მოაწვნენ ქვევიდან და ვხედავთ, რომ ცდილობენ, რეპრესიულად დაშალონ ჩვენი აქცია. ამიტომ დავიხევთ უკან დღეს და ხვალიდან ისევ იმავე მოთხოვნებით გავაგრძელებთ ჩვენს აქციას”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაპირისპირება კომპანიის კუთვნილი მანქანების გატარებას მოჰყვა. გოლეთიანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები, მშვიდობის ნიშნად კომპანიის მანქანებს ხელებაწეულნი დახვდნენ, რასაც, მისი თქმით, „პოლიციის მხრიდან მოჰყვა აგრესია, პირდაპირ დაიწყეს დარბევა”.
„შეხლა-შემოხლა მოჰყვა კომპანია „ენკას“ მანქანების გატარებას – დღეს ჩვენ ვთქვით, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელებაწეულები დახვდნენ ბიჭები გზაზე როცა მოდიოდნენ და პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია, სპეცრაზმი დარბევაზე ჩვენი თანამებრძოლების. [პოლიციელებმა] ძალა გამოიყენეს – მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები და დაზიანება პირდაპირ მანქანებსაც ეტყობა. გათბობის მიზნით ცეცხლი ენთოთ ადამიანებს და პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლში ჩავარდა ერთი ჩვენი თანამებრძოლი. იქვე რომ არ ვყოფილიყავი ირგვლივ, არ ვიცი, ალბათ მართლა საშინელებით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. დაკავებულია, როგორც ვიცით, 10 ადამიანი და დაშავებული არის თუ არა ვინმე, ასე კონკრეტულად, ჯერჯერობით არ ვიცით. ვარკვევთ ახლა ჩვენ თვითონაც“,- აცხადებდა აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.