ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით „მშრალი ხიდისკენ“ მიდიან. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი „მშრალ ხიდთან“ გადაკეტავენ გზას.
გოლეთიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატიდან შეხვედრასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე აღარ გამოსულან, ამიტომ ისინი გადადიან მათი მოქმედების სხვა გეგმაზე.
„4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას. მსვლელობას დავიწყებთ რედისონის გავლით, თაბუკაშვილზე, მშრალი ხიდის მიმართულებით. წინ გაგვიძღვება ერთი მანქანა, სადაც დამონტაჟებული იქნება აპარატურა, რათა კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან. გავყვეთ ამ მანქანას მშრალი ხიდის მიმართულებით, სადაც გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. ჩვენ მკაფიოდ ვიტყვით, რა არის ჩვენი ქმედებების განმაპირობებელი“, – თქვა გოლეთიანმა აქციაზე.
გოლეთიანმა მოუწოდა დედაქალაქის მოსახლეობას, შეუერთდნენ აქციას და სთხოვა, არ აყვნენ ხელისუფლების ნარატივს, აქციის დისკრედიტაციის ნაწილში.
„ასე რომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველას, იმ ისტერიის ფონზე, რაც სოციალურ ქსელში ხდება, გაშავების ნაწილში და დისკრედიტირების ნაწილში ჩვენი მოძრაობის მისამართით, გვინდა მოვუწოდოთ, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ნუ შევყვებით ხელისუფლებას ამ ნარატივში, რასაც ისინი მართავენ წარმატებით და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ჩვენ ვართ ხალხი და ხალხმა უნდა მოვახერხოთ გაერთიანება“, – თქვა გოლეთიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დილით მისი აპარატიდან შეხვედრის მიზნით ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდნენ. მისივე თქმით, ვარლამ გოლეთიანის მიერ შეთავაზებული ფორმატი, რომ შეხვედროდა აქციის მონაწილეებს საჯაროდ, არაკონსტრუქციულია.
ნამახვენჰესის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარისგან შეხვედრის შემოთავაზება მიიღეს.
მისი თქმით, შესაძლებელია, განხილული იყოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ორი ვერსია – პირველი, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლონ მსვლელობით პარლამენტისკენ და შენობის უკანა შესასვლელთან დადგნენ. პარლამენტის თავმჯდომარე კი გამოვიდეს მათთან და ისე დაელაპარაკოს პროტესტის მონაწილეებს.
მეორე ვერსია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის კი, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შესაძლებელია იყოს კვლავ ერთად აქციის მონაწილეების პარლამენტთან მისვლა, თუმცა შენობაში მედიასთან ერთად რამდენიმე მონაწილის შესვლა. ჩართული იყოს პირდაპირი ეთერი და ასე დაელაპარაკონ პარლამენტის თავმჯდომარეს.