ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან, ვინაიდან, სამართალდამცველების თქმით, ისინი არღვევენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლს.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან მოდიან.
აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატიდან შეხვედრასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე აღარ გამოსულან, ამიტომ ისინი გადადიან მათი მოქმედების სხვა გეგმაზე.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
-
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.