ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი მიტროპოლიტი, სავარაუდოდ, ჭყონდიდში გადაიყვანეს

პუბლიკა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიავლინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი ესაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ადასტურებთ, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდში მიავლინეთ?

ეპისკოპოსი პასუხობს – „წმინდა სინოდზე ძალიან ისეთი, საიდუმლო საკითხები განიხილება, ამ საიდუმლო საკითხებში ჩვენ ყველამ ვღებულობთ მონაწილეობას და რაც იქნება უმრავლესობის ხმით გადაწყვეტილება, ისაა ჯანსაღი აზრი. ესაა ღვთის ნება“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე – „ღვთის ნება იყო მიტროპოლიტი სტეფანეს მივლინება?“

მიტროპოლიტი პასუხობს – „რასაკვირველია, აბა ახლა როგორ, შეიძლება ამ შეკითხვის [დასმა]“;

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მიტროპოლიტ სტეფანეს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ უნდა დაველოდოთ სინოდის ოფიციალურ განჩინებას.

აღნიშნიშნული ინფორმაცია ასევე არ უარყო „TV პირველის“ ეთერში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მანაც აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას დეტალურად სინოდის განჩინებაში ნახავს საზოგადოება.

შეკითხვაზე – „საუბარი იყო რამდენიმე მღვდელმსახურის როტაციაზე, მათ შორის დასახელებული იყო მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს. ხომ სწორად მაქვს ინფორმაცია? ის ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი ადგილზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს როტაცია მის ამ კრიტიკულ პოზიციას რაიმე ფორმით უკავშირდება თუ არა?“

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პასუხობს – „თუ შეიძლება, დაელოდეთ სინოდის განჩინებას, ეს დეტალებია და მე ახლა ასე ზუსტად ვერ მოგიყვებით ყველაფერს. შეიძლება, მე თვითონაც ლაპარაკში რაღაც შეცდომა დავუშვა. დოკუმენტი ძალიან მალე იქნება და ნახავთ… მაგ კითხვაზე პასუხიც, გავიგე რაც მკითხეთ, ასე ვერ გეტყვით, იძულება არ ყოფილა, არანაირი იძულების წესით არავინ არსად არ გადასულა და არაფერი. 

,,პუბლიკა” ასე დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ანდრია ჯაღმაიძეს აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთვის. მან ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

შენიშვნა: სინოდის განჩინება მომდევნო დღეს, 12 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის მართვასთან ერთად, ასევე შეითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.

მიტროპოლიტ სტეფანეს თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.