ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას პროტესტი მოჰყვა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

პუბლიკა

რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია მოსახელობაც, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები ააღებინეს და პოლიცია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟსაც გეგმავს.

„ჩვენ ვათევდით ღამეს ჩვეულებრივად, როგორც ვართ მთელი ამ დროის განმავლობაში და დილით 8 საათზე მობილიზდა პოლიცია, მერე უკვე კომპანიის ტრანსპორტი მოვიდა და დაიწყეს მუშაობა, მერე პოლიცია მოვიდა ჩვენთან, კარვები აშალეს და გვითხრეს, რომ კარვები კომპანიის ტერიტორიაზეა გაშლილი და აშალეთო. ჯვარი სადაც გვქონდა აღმართული იმ ადგილზე მობილიზდნენ და ჩვენი ინფომაციით ჯვრის მოთხრას აპირებენ, ჩვენ მიმდებარედ ვართ და ვაკვირდებით“,- უთხრა „პუბლიკას“ ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა.

კომპანიის წარმომადგენელი ელენე ღუბიანური აცხადებს, რომ კომპანიამ სამუშაოების განახლების გადაწყვეტილება მიიღო:

„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს სამუშაოები და მოთხოვა სახელმწიფოს დაცული იქნეს მისი კანონიერი უფლებები როგორც საკუთრების, ასევე მისთვის საქმიანობის მართლსაწინააღმდეგო ხელშეშლის აღკვეთის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა და დოკუმენტაცია საჯაროა და დევს კონკრეტული უწყებები ვებგვერდზე ამ ხალხმა გააგრძელა პროტესტი ამ გზით, ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ კონსტრუქციული დიალოგის გზით მათთან დაგვესრულებინა პროცესი მშვიდობიანად“,- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში კომპანიის წარმომადგენელმა.

დღეს ასევე გავრცელდა კომპანიის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობის განახლება, შესაბამისად, მათ მიმართეს სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის.

„კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.