ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები წყალტუბოში აქციას მართავენ

პუბლიკა

ამ წუთებში ქალაქ წყალტუბოში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები, რომლებიც ჰესის მშენებლობას უკვე 180 დღეზე მეტია აპროტესტებენ, თავდაპირველად მაგისტრატ სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილი. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლეს.

დღეს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, კომპანია ,,ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ენკა რინიუებზლი“ დაჯარიმდა 5 ათასი ლარით.

„ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა, დაგვეწყო აქციების ჩატარება სხვადასხვა ქალაქში, ვიდრე მივიდოდით დედაქალაქში დაგეგმილ 23 მაისის აქციამდე. რადგან სასამართლო პროცესი იმართება წყალტუბოში, დავამთხვიეთ პირველი აქცია ამ ფორმატში“,  – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.


წყალტუბოს სასამართლომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც საიას იურისტი „პუბლიკასთან” საუბრისას განმარტავს, სასამართლომ ENKA სამართლადამრღვევად ცნო, როგორც 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობაში, ასევე 2015 წელს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების დარღვევაში.