სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, ყურადღებაა გამახვილებული ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ცალკეულ პროექტებთან მიმართებით ეფექტიანად აღსრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
„ამ თვალსაზრისით, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც იმ სისტემური პრობლემების ნათელი ილუსტრაციაა, რომელზეც სახალხო დამცველი და სფეროს ექსპერტები უკვე წლებია მიუთითებენ. მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს, უმთავრესად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს აჩენს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობაც. პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც, რამაც პროექტისადმი საზოგადოების უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის ერთ-ერთ თავში – ენერგეტიკული პოლიტიკა და გზშ-ის სისტემის აღსრულება, ომბუდსმენი საუბრობს გზშ-ს მოთხოვნათა აღსრულებაზე, მის ხარისხზე, მოქალაქეთა ინფორმირებულობა-ჩართულობაზე. ერთ-ერთ მაგალითად კი კვლავ მოყვანილია ნამახვანჰესის პროექტი.
„ენერგეტიკული სფეროს დაგეგმვა და განვითარება, უპირველესად, შესაბამისი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. საერთაშორისო ვალდებულებებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს 10-წლიანი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რაც ჯერჯერობით არ შესრულებულა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ცალკეულ პროექტებთან მიმართებით ეფექტიანად აღსრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. ამ თვალსაზრისით, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი.
მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში აქტიურად და უწყვეტად აპროტესტებდა დაგეგმილი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, ადგილზე მორიგეობის დაწესების გზით; ასევე, გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები ქალაქ ქუთაისში. მხოლოდ ხანგრძლივი უწყვეტი პროტესტის შედეგად და კარვებში 130-დღიანი ღამისთევის შემდგომ, მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდნენ ადგილობრივ აქტივისტებს.
მთავრობის წევრებს მოუსმინეს პარლამენტის საკომიტეტო ფორმატშიც. თუმცა ცალკეულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია მთავრობის წევრების მხრიდან მოქალაქეებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან განგრძობითი, შედეგზე ორიენტირებული, სიღრმისეული და ყოველმხრივი დიალოგის წარმართვა, ასევე, საკითხის კომპლექსურობისა და სიმწვავის გათვალისწინებით, ვერც მინისტრთა მოხსენებების ერთჯერადად მოსმენა ჩაითვლება ეფექტიან საპარლამენტო ზედამხედველობად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსახილველ პროექტთან მიმართებით მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს უმთავრესად, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს. რაც, საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს იწვევს;
ერთ-ერთი მთავარი კითხვაა დაგეგმილი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად, ქვეყნისთვის მოსალოდნელ მძიმე ფისკალურ რისკებზე და სხვა არაერთ პრობლემატურ მიმართულებაზე საუბრობს. სამწუხაროდ, პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც.
ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველის აპარატის მიერ უკანასკნელ წლებში გაწეული ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური პრობლემები. სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები, წლებია ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს და აღნიშნული გამოწვევა, საზოგადოების ინფორმირებულობა-ჩართულობის მაღალი სამართლებრივი გარანტიების მიუხედავად, კვლავ მწვავედ დგას.
როგორც წესი, ჩატარებული საჯარო განხილვები ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან საკითხებზე მოქალაქეთა კითხვებზე ამომწურავი და დასაბუთებული პასუხების გაცემას. ეს, თავის მხრივ, განპირობებულია თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებისა და ჩატარებული კვლევების ხარისხთან მიმართებით არსებული მაღალი უნდობლობითაც. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პროცედურული მოთხოვნების დაცვასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მოქალაქეთა პროცესებში რეალურ მონაწილეობას და მაქსიმალურად ამოწუროს მათთან კომუნიკაციის ყველა ეფექტიანი საშუალება.
პრაქტიკამ ასევე აჩვენა, რომ მწვავედ დგას თავად გზშ-ს ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები. განსახორციელებელი პროექტების უსაფრთხოებისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის მასშტაბურობა, პროექტის ალტერნატიული შესაძლებლობები, ადგილობრივი მცხოვრებლების საკუთრებაზე ზეგავლენის ასპექტები, უმეტესად, მოსახლეობისა და პროფესიული ჯგუფების წუხილის საგანია. როგორც წესი, მთავარი კითხვები მომდინარეობს იქიდან, რომ ეს საკითხები არასათანადოდ ან საერთოდ არ აისახება გზშ-ს დოკუმენტებში; გარდა ამისა, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელსაც როგორც წესი, ვერ პასუხობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები, ამა თუ იმ პროექტის ხარჯთ-სარგებლიანობასა და ამდენად, თავად პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობაში მდგომარეობს.
დასახელებული გამოწვევების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ინფორმირებულობა-ჩართულობის სათანადო უზრუნველყოფა. ამჟამად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვანი დოკუმენტების საჯარო განხილვები დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება. აუცილებელია ორჰუსის კონვენციის განუხრელად დაცვა, ისეთი კრიზისის პირობებშიც კი, როგორიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაა, დაუშვებელია შეიზღუდოს კონვენციით აღიარებული უფლებები; ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ნებისმიერი ალტერნატიული საშუალება კი, კონვენციით დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს”, – ვკითხულობ ანგარიშში.
ომბუდსმენი მოიწოდებს პარლამენტს:
„განაგრძოს და განახორციელოს ნამახვანჰესის თაობაზე აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა, მათ შორის, რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესწავლით და შესაბამისი დასკვნის მომზადებით”.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:
„ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან”.