ნამახვანჰესის შესახებ გადაცემაზე მიშველაძისა და პეტრიაშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

პუბლიკა

„მწვანე ალტერნატივამ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა და ნამახვანჰესის შესახებ გადაცემაში ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევაზე დაობს, – ინფორმაციას ამის შესახებ „მწვანე ალტერნატივა” ავრცელებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 21 მაისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული გადაცემის „პოლიტიკური პარასკევის“ წამყვანებმა, ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ, მძიმედ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკა და ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი.

„გადაცემა ეხებოდა ნამახვანჰესის ირგვლივ პროტესტისა და ჰესის გარშემო არსებული პრობლემების გაშუქებას. მისი მსვლელობისას გაჟღერდა არაერთი გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, მათ შორის ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან – პროტესტის ორგანიზატორთა თურქოფობიული განწყობების, ნამახვანი ჰესის პროექტის 12 თვით შეჩერების, ზუთხების სახეობებზე ზეგავლენის, თითქოსდა პროტესტის გამო გაჩერებული პროექტებისა და 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციის, სეისმოლოგიური საფრთხეების შესახებ.

გადაცემაში გამომჟღავნდა ეთიკური პრინციპების ისეთი დარღვევები, როგორებიცაა: დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება და ფაქტის განზრახ დამახინჯება. ამას გარდა, გადაცემაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ცალმხრივად იყო წარმოდგენილი, ხოლო წამყვანები იყვნენ მიკერძოებული ერთი კონკრეტული მხარის – ნამახვანჰესის მომხრეების მიმართ, რაც, მათ შორის, სტუმრების წარმომადგენლობითობასა და მათთვის საეთერო დროის დათმობაშიც აისახა.

კონკრეტულად, „მწვანე ალტერნატივას” მიაჩნია, რომ „პოლიტიკურ პარასკევში“ ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა არაერთხელ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი სხვადასხვა პრინციპი:

პრინციპი 1.
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 3.
ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

პრინციპი 11.
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ქარტიის საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო და მას ღია სხდომაზე განიხილავს”, – ნათქვამია განცხადებაში.