ნამახვანჰესის წინააღმდეგ ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს

პუბლიკა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ჟონეთში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, დატოვოს რიონის ხეობა ინვესტორმა კომპანია „ენკამ”.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ გამოცხადებულიყო მორატორიუმი, საჯარო დისკუსია ყოფილიყო ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, დასმულიყო ყველა კითხვა და გამოვლინდებოდა, ვინ არის მართალი. რაღაც საზომი ხომ უნდა არსებობდეს, საბოლოო ჯამში, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას – სად არის სიმართლე.

83 დღეა, ჩვენ აქ ვართ, ამ რთულ პირობებში და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ეს მომხდარიყო. ეს არის პრობლემა და ეს უსვამს იმას ხაზს, რომ ამ ხალხს უნდა, რომ თავისი ვიწყო ინტერესები გაატაროს და არ უნდათ, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე.

ამ მოცემულ მომენტში, იქ [კონტრაქციაზე] თუ 150 კაცი იდგება, რომელიც „ენკაში” მუშაობს და იძახებს, რომ ჰესი გვინდა, იმის გამო, რომ 30 სამუშაო ადგილი ვიღაცას ჰქონდეს, ეს არ არის არგუმენტი. არ შეიძლება, ამ ორ რაღაცას უპირისპირებდნენ ერთმანეთს. მთავარი არის ერთი რამ, რომ როცა ისმის კითხვა ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით, პროექტის ეკონომიკურ დაუსაბუთებლობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ხომ არ შეიძლება, რომ ვიღაც გამოდიოდეს და ამბობდეს, ჩემი სამუშაო ადგილი არის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის არასწორი დამოკიდებულება.

ჩვენ მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, რომ საკუთარ სამუშაო ადგილებზე მეტად ამაღლდნენ, რაც იქნება მათი მოქალეობრივი ვალისა და ადამიანობის გამოვლინება. არ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ბრმად ვაპროტესტებთ და არ გვინდა ხეობის განვითარება. ეს არის იგივე ნარატივი, რასაც კომპანია ირჩევს”, – განაცხადა ვარლამ გონეთიანმა, ადგილობრივმა აქტივისტმა აქციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილმა აქცია გაიმართა სოფელ ოფურჩხეთში სახელწოდებით „არ გააჩერო ნამოხვანჰესი“. როგორც „პირველი არხი” წერს, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები.

„ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. გვინდა, განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. ჰესის მშენებლობის შემდეგ ადამიანები დასაქმდებიან და ეს ჩვენი იმედია. დაიხურა სკოლები და დაიცალა სოფლები მოსახლეობისგან. თუ პროექტი არ განხორციელდება, რიონის ხეობა მოსახლეობის გარეშე დარჩება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.


მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.