სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ხვალ, 28 თებერვალს პირველ საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, – ამის შესახებ ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, აქციის გამართვის ადგილის ცვლილება პროვოკაციებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს.
გოლეთიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პროტესტი არის მშვიდობიანი და სხვა რადიკალური ფორმების გამოვლინება ისევ და ისევ ხელისუფლებისა და კომპანიის წისქვილზე ახსამს წყალს. ამიტომ მან მოუწოდა აქციაში მონაწილეობის მსურველებს, მათი პროტესტის ფორმები იყოს მშვიდობიანი.
„ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ პროვოცირებს ხელისუფლება, რომ დაპირისპირება მოხდეს შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვემიჯნებით რიონის ხეობის მოსახლეობა მსგავს მოქმედებებს ყველას მხრიდან. ამ განცხადებას ხაზგასმით იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ ჰქონდეს ადგილი რაღაც გადაცდომებს და დაპირისპირებებს აქციაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ.
ეს თავად ხელისუფლებას და კომპანიას აწყობს, რომ ჩვენი მხრიდან ვინმემ მართლა ისროლოს ქვა და დააზიანოს ტექნიკა ან მოხდეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ადამიანებსა და პოლიციას შორის. ეს მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი ბრძოლის ფორმები არის მშვიდობიანი, რიონის ხეობის მოსახლეობა მთელი ეს პერიოდი მშვიდობიანად ვდგავართ… ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არის ის, რომ ჩვენ მშვიდობიანად გავივლით პროცესს”, – ამბობს ის.
გოლეთიანი ასევე მოუწოდებს მათ მხარდამჭერებს, რომ სურვილის შემთხვევაში, აქციის შემდეგ შეუერთდნენ ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ნამოხვანში, მათთან ერთად გაათიონ ღამე კარავში და ისაუბრონ სამოქმედო გეგმებზე.
„ხვალ ვინც მოდის აქციაზე, ჩაიცვით თბილად, იქონიეთ ის ელემენტარული საჭიროებები, რაც ღამის გასათევად დაგჭირდებათ. გავათიოთ ღამე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს საკითხები. არა რაღაც რადიკალური გზებით, არამედ მშვიდობიანი ფორმებით და ამას რა საკვირველია სჭირდება დიალოგი ადგილობრივებსა და სხვა მხარდამჭერებს შორის”, – ამბობს გოლეთიანი.
ადგილობრივი მოსახლეობა 125-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.
მათი მოთხოვნებია:
„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.
სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.