ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერში მინისტრები მოქალაქეებს ხვდებიან

პუბლიკა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოქალაქეებს ხვდებიან.

გუშინ, 4 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოსახლეობის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უთხრა, რომ ხვალვე გაემგზავრონ რეგიონში და ადგილზე უპასუხონ მოსახლეობის შეკითხვებს.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „ახლა მიიღეს გადაწყვეტილება” და შეხვედრაზე მედია დაუშვეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის შეხვედრა დახურული, თურნავა პასუხობს:

„აი ახლა გავხსენით თქვენთან საუბარში. ასე, რომ პრობლემა არ გაქვთ”.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ვინც აპროტესტებს, მათთან რატომ არ მიხვედით”, თურნავა აცხადებს, რომ „მივალთ, მაგათთანაც მივალთ, თქვენი ეთერითაც ვაცხადებ ამას”.

„ალბათ მანამდე უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ გავხსნათ შეხვედრა. მაგრამ პირობას გაძლევთ მეც და ბატონი ლევან დავითაშვილიც, რომ მზად ვართ, რომ რიონის მცველებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, ვინც შეკითხვებს სვამს, შევხვდეთ მათთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ და ყველა კითხვაზე, იმედი გვაქვს, რომ პასუხს გავცემთ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ ვთვლით, რომ ბევრ რამეში არ არიან ბოლომდე გარკვეულები, აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია შეხვედრა, აუცილებელია განმარტება და მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას, და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ ნეგატიური დღის წესრიგი, და მე მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან რიონის მცველები, და ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის გამოინახება კონსტრუქციული პლატფორმა შეთანხმებისთვის”, -განაცხადა თურნავამ.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი ვარლან გოლეთიანი ამბობს, რიონის ხეობის მცველებმა უარი თქვეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, ვინაიდან დახურული ფორმატი მათთვის მიუღებელი იყო.

„ჩვენ როცა შევთავაზეთ ეს, რომ LIVE ჩაგვერთო და მედიაც იქ ყოფილიყო, უარი თქვეს ამაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღოთ… ჩვენი ხეობიდან, ვინც კარვებში ვართ და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვისმენს და ერთ აზრზე ვდგავართ, ეს ხალხი იქ არ წავა”.

გოლეთიანი ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი მოთხოვნაა, რომ ჰესთან დაკავშირებულ განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარე და დარგის ექსპერტები ჩაერთონ. მათივე თქმით, შეხვედრასა და დისკუსიას აზრი მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური მიზანი აქვს.

„ექსპერტებთან ერთად ამ საკითხის განხილვა არის გრძელვადიანი პროცესი. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამისი დაგეგმვა არც ღირს, იმიტომ, რომ ასე – შეხვდი ერთ დღეს და ილაპარაკო ყველა მიმართულებით, უბრალოდ არასერიოზული მიდგომაა საკითხის მიმართ. აქ, აუცილებლად, უნდა დაიყოს თემები და ყველა თემაზე რამდენიმე დღის წესრიგი უნდა შედგეს, გაიწეროს და მერე ამის მერე ჩატარდება შეხვედრები ყველა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით – ნორმალურ, წყნარ, მშვიდ გარემოში, როდესაც ორივე მხრიდან იქნება ჩართულობა და ამას მედია დააკვირდება, გააშუქებს. ჩვენც ვიქნებით ამ პროცესში ჩართული ის ხალხი, ვინც კარვებში ვართ და ეს არის ის ფორმატი, რასაც ჩვენ ვითხოვდით”, – განაცხადა გოლეთიანმა.