„ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

პუბლიკა

„მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ  ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა.

მიტროპოლიტი გრიგოლის განცხადებით, ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოცდაცხრადღიანი შიმშილის შემდეგ თავს სუსტად გრძნობს.

„ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ მხნეობას არ კარგავს. ეს ეტყობა სახის ფერზე, მოძრაობა ცოტა შენელებული აქვს. ხომ ვიცით ახლა როგორი არის, ტყვიასავით არის.

პირველი, მოძღვრისა და მორწმუნე ადამიანის საუბარი არის ძალიან პირადული და ბევრი ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, თუმცა ეს თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა და ნაკლებად საჭირო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მიხეილ სააკშვილმა მიტროპოლიტს განუცხადა, რომ რიგი მიზეზების გამო ის უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე. მისი თქმით, სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი.

„მესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდევაც თანასწორი. მაგრამ ის რომ ჩვეულებრივი პატიმარია – ჩვეულებრივი პატიმრის მიმართ საერთაშორისო მედიის ყურადღება არ არის მიპყრობილი. ე.ი. არაჩვეულებრივი პატიმარია“, – თქვა მან.

მისი თქმით, სააკაშვილი მოინახულა, რადგან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებულია ქვეყნის ბედი და ქვეყნისადმი საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება.

„მით უმეტეს ის შიმშილობს. როგორი არის ამის შედეგები და როგორი იქნება ეს დასაფიქრებელია. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ  ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე – დააბარა თუ არა პატრიარქმა რამე მიხეილ სააკაშვილთან, მიტროპოლიტმა გრიგოლმა არ უპასუხა.