„ნამდვილად საჭიროა“ - გომელაური შსს მაღალჩინოსანთა მისამართების დაფარვაზე

პუბლიკა

დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. დეპუტატმა კახა კახიშვილმა გომელაურს ინიციატივით მიმართა, პოლიციელებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში, რომლებიც ონალინსივრცეშია განთავსებული, დაიშტრიხოს ინფორმაცია მათი და მათი ახლობლების საცხოვრებელი სახლების, ტელეფონის ნომრებისა და ოჯახის წევრების სამუშაო ადგილების შესახებ, ვინაიდან ამ ტიპის ინფორმაციის საჯაროდ განთავსება  შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. 

ვახტანგ გომელაურმა კახიშვილის ინიციატივის პასუხად განაცხადა, რომ ისიც იზიარებს მოსაზრებას, რომ, მაგალითად, დეპარტამენტის ხელმძღვანელების დეკლარაციებში მითითებული ინფორმაცია მისამართების შესახებ არ უნდა იყოს საჯარო.

„რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ეს პრობლემა იდგა ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე. ხშირი იყო ხელმძღვანელი პირების … არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მინისტრზე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თემაზე. მესმის საჯარო უნდა იყოს ჩემი დეკლარაცია, კი ბატონო. დეპარტამენტის ხელმძღანელები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ… თუნდაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თუნდაც დაზვერვის ხელმძღვანელი. მეც ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ღია. კი ბატონო, ქონებრივი იყოს, მაგრამ მითითებულ მისამართებზე გეთანხმებით. ამაზე სამუშაოა და კარგი იქნება, თუ პარლამენტში ამის ინიციარება მოხდება“, – განაცხადა გომელაურმა.