ამ წუთებში, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები სიტყვით გამოდიან.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას:
„ხვალ, კომპანია გააგრძელებს ისევ სამუშაო პროცესს. თუ მათ არ გაითვალისწინეს დღევანდელი შეკრება რაც აქ ხდება, დავთქვამთ ორი კვირის ვადაში შეკრებას, ისეთივე ფართომასშტაბიანს, როგორიც დღეს გვაქვს და ჩვენ მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას – დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში.
ჩვენ ხვალიდან უნდა დავიწყოთ გაფართოებული ჯგუფების მორიგეობა ნამოხვანში იმისთვის, რომ არავის ეგონოს, მხოლოდ ამ შეკრების იმედად დავრჩებით და ხვალ კომპანია შეძლებს სამუშაოების წარმოებას. პირადად მე პოლიციას ვუთხარი და პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ის 80-100 კაცი, რომელიც დავრჩებით დღეს ნამოხვანში თუკი ხვალ დილით, კომპანია ისევ „ააგრიხინებს“ თავის ტრაქტორს, რომელიც ტანკია ჩვენთვის, მაშინ ჩვენ გადავუდგებით იქ და ჩავთვლით, რომ ისინი არ გვითვალისწინებენ და ამის მერე იქნება თქვენი მობილიზება საჭირო.
ამინდებიც კარგი მოდის და დავრჩებით აქ ჩვენ ყველა იქამდე, სანამ ერთი საათის განმავლობაში არ გვეტყვიან პასუხს, თუ როდის გადის კომპანია და ეს იქნება უკვე უკომპრომისო ბრძოლა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
დღევანდელი აქცია თავდაპირველად სოფელ ოფურჩხეთში იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც აქციის ორგანიზატორმა „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტა, ადგილის ცვლილება პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად და უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა.
გუშინ ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკასთან“ ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ორშაბათიდან რიონის ხეობის მოსახლეობასთან ერთად კარავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც იმორიგევებენ .
„ორშაბათიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან, დაგეგმილი გვაქვს, რომ 80-დან 100 კაცამდე ყოველდღიურად იქნება, იმორიგევებს ჩვენთან ერთად კარვებში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და გზა, რა გზითაც მივდივართ და როგორ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ. არის დიდი გამოხმაურება მთელი საქართველოდან და ყველა კუთხე მორიგეობით იქნება რიონის ხეობაში, ვიდრე კომპანია „ენკა” არ წავა ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ადგილობრივი მოსახლეობა 126-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.
მათი მოთხოვნებია:
„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.
სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.