საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო.
უწყების ცნობით, მობილიზებულია დამატებითი ძალები,- პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
„პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. როგორც მან გადმოცემით იცის, მდინარეში ახალგაზრდა კაცი თავად გადახტა.
მაკა სულაძის განცხადებით, ახალგაზრდა კაცი ბოლო დღეებში ნამოხვანის კარვებში მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ისინი მას პიროვნულად არ იცნობდნენ, ვინაიდან სულაძის თქმით, მათ ბოლო პერიოდში ბევრი მხარდამჭერი უერთდება სხვადასხვა რეგიონიდან.