ფილმ „იარე ლიზას“ რეჟისორი ნანა ჯანელიძე ფილმთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, „ამ ფილმის მისია – მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიებაა“
„მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა. რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას…“
ის წერს, რომ ფილმზე მუშაობა 2011 წელს დაიწყეს და მადლობა უხდის ყველა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას გვერდში დგომისთვის.
„2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა.“ – წერს ჯანელიძე.
კულტურის სამინისტრომ ფილმზე დღეს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, გაგა ჩხეიძემ, როგორც კინოცენტრის მაშინდელმა დირექტორმა, ნანა ჯანელიძის ფილმისთვის „იარე ლიზა“ დამატებით თანხა უკონკურსოდ გამოყო, ამასთან, ჯანელიძის ფილმი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას უშუალო ჩარევით კიდევ 1 200 000 ლარით დაფინანსდა.
კულტურის სამინისტრო განცხადებას გაგა ჩხეიძე გამოეხმაურა. კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, „ნანა ჯანელიძის ფილმისთვის ნამდვილად გამოიყო დამატებითი თანხა, რადგან, ვიდრე თავად გახდებოდა კინოცენტრის დირექტორი, კინოცენტრმა რეჟისორს ფილმისთვის დაფინანსება გაუნახევრა, ეს კი საკმარისი არ იყო“. „შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა ისე, როგორც კინოწარმოებას სჭირდებოდა“. – თქვა გაგა ჩხეიძემ „ტელეკომპანია პირველის” ეთერში.