ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური - მინისტრი

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

კლინიკა “მედცენტრის” ხელმძღვანელი დეა ქაჯაია აცხადებს, რომ პაციენტი ახლა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

„შემოსვლის დროს პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკის კლინიკა, შემოდიოდა კონტაქტში, მაგრამ იყო სომნოლენტური. აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები, ჩაუტარდა კვლევები, რის შედეგადაც დიაგნოზი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალა ტვინის და გულმკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა ფეხის ლატერალური გოჯის ღია მოტეხილობა და რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, ეს შეშუპება აღენიშნებოდა გულმკერდი ზინა ზედაპირზე და მარცხენა ზედა კიდურზე. პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე და მკურნალობას ახლა აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა რჩება მძიმე, საყურადღებო და უტარდება სათანადო მკურნალობა“, – აცხადებს კლინიკის ზელმძღვანელი.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმა 8 ცხედარი ამოასვენეს, მათგან 3 ბავშვია. ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა. 37 წლის მამაკაცი ერთადერთია, ვინც მომხდარს ცოცხალი გადაურჩა.