ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ბებუას ოჯახის წევრიც ესწრებოდა.
ირაკლი ბებუას ოჯახი მოითხოვს, სასწრაფოდ გადმოიყვანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, ბებუას ოჯახი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ქმედებები არ უტოვებთ იმედს, რომ უკანონო პატიმრის გასათვისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.
„სამი წელი და ორი თვე იმდენად დიდი დროა იმისთვის, გადაიდგას რაიმე ქმედითი ნაბიჯი, რომ სახელმწიფოს ქმედებები არ გვიტოვებს იმის საშუალებას, დავიტოვოთ იმედი, რომ ისინი რეალურად ახორციელებენ რაიმეს ირაკლის გასათავისუფლებლად, რადგან ქმედებებს რაღაც შედეგამდე უნდა მივყავდეთ. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში შედეგი არ ჩანს, ამიტომ ოჯახს არ აქვს განცდა იმისა, რომ რეალურად სახელმწიფო რაიმეს აკეთებს ირაკლის გასათავისუფლებლად“, – ამბობს ბებუას ბიძაშვილი თამარ ბებუა.
„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკა ბებუას გათავისუფლების საქმეში ჩავარდა.
„1135 დღე არის გასული და საქართველოს მოქალაქე კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არის ჩავარდნილი ამ მიმართულებით. ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და როცა ის ამ უფლებებს ვერ იცავს, ადამიანის უსაფრთხოებას ვერ იცავს, მან უნდა აგვიხსნას, მინიმუმ მოგვცეს განმარტება, რა გაკეთდა ამდენი წლების განმავლობაში“, – განმარტავს ნანუაშვილი მედიასთან საუბრისას.
„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იურისტმა ანა გახოკიძემ აღნიშნა, რომ ბებუას სამაგალითო დასჯა მის ეთნიკურად ქართველობას უკავშირდება.
„ირაკლის ასეთი სამაგალითო დასჯა ხდება იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ეთნიკური ქართველი და იქაური რადიკალური მოსახლეობაც მის დასჯას ასე იმპერატიულად, პერიოდულად ითხოვს ხოლმე. ასევე, უკანონო დაკავებას ისიც ამყარებს, რომ მათ შორის, დე ფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობაშიც კი დროშის შეურაცხყოფისთვის თუ დაწვისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთწლიან პატიმრობას. ირაკლის შემთხვევაში ეს გადაითარგმნა ცხრაწლიან პატიმრობაში, იმიტომ, რომ მას ჩაუდეს, დაუდეს ე.წ. ხელყუმბარა. უკვე ერთი წლის მერე ავტომატურად, თუნდაც დე ფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობით, ირაკლი არის უკანონო პატიმარი“, – ამბობს ანა გახოკიძე.
უჩა ნანუაშვილი გეგმავს, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნოს წერილი. ასევე წერილის გაგზავნას გეგმავს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახალხო დამცველთან, რათა გათავისუფლდეს ირაკლი ბებუა.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა. ამით მან სოხუმში აფხაზეთის ომის 27 წლის საზეიმო ღონისძიებები გააპროტესტა.
დე ფაქტო მილიციამ ბებუას სახლი გაჩხრიკა და ბრალად ყუმბარის ფლობა დასდო, ე.წ სასამართლომ კი და 9-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი რუბლის გადახდა მიუსაჯა.
გარდა ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რთულია ირაკლი ბებუას ფიზიკური მდგომარეობაც. მას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას.
თამარ ბებუას თქმით, ოჯახის აზრით, სახელმწიფომ ირაკლი ბებუას სახელი საერთაშორისო პლატფორმებზე საკმარისად არ გააჟღერა.