ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს.
ჟორჟოლიანის თქმით, „ნანუკას ფონდიდან“ დაფინანსებას 11 ბენეფიციარი, მათ შორის, 4 ბავშვი ელოდება.
„მივმართავ გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილს. 11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია.მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს.
მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში.
თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე“, — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
—
17 მარტს „ნანუკას ფონდის”, „ადამიანის უფლებათა სახლისა“ და Prosperity Georgia-ს ანგარიშები დააყადაღეს.
საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ფონდები დააყადაღეს „საბოტაჟზე” იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ – მათი საბანკო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები.
„ნანუკას ფონდი“ ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს, ასევე, აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის, დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება.
საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ „ადამიანის უფლებათა სახლი“ და Prosperity Georgia.