ნანუკა ჟორჟოლიანი ISFED-ს ანგარიშს ეხმაურება

პუბლიკა

„ეს ჩემი პროფესიაა. ბატონი გივი წყალტუბოს ქუჩებში დადის და არაჩვეულებრივად მღერის, უპირატესობა აქვს – მე ვერ ვიმღერებ; ვიღაცა ექიმია და შეიძლება, ხვალ ვიღაცა სიკვდილს გადაარჩინოს და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მისი პლატფორმა გამოყენებული იქნა არჩევნებში; როგორც ბატონი გივი სიმღერას აგრძელებს, ისე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას“, – ტელეწამყვანი, „ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო ანგარიშში მის შესახებ გაცემულ რეკომენდაციებს ეხმაურება.

ჟორჟოლიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გადაცემა არ გაჩერდება, მაგრამ არ გაშუქდება ქველმოქმედება და რესპონდენტებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარების რუბრიკა. ასევე, ნანუკა ჟორჟოლიანი აღარ იქნება სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა „თქვენი ხმის“ პროდიუსერი, რადგან, მისი განმარტებით, ამ გადაცემაში თანაბრად უნდა გაშუქდეს, როგორც თვითონ, ასევე მისი კონკურენტი „ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძე.

„არათანაბარ სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები გადიან კონსულტაციას, თუ რა იგულისხმეს. სარეკლამო დროდ ვერ იქნება გამოყენებული, როდესაც ჟურნალისტი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. მით უფრო, როდესაც მათ იციან, რომ მე ამ ერთი თვის განმავლობაში, მაგალითად, ირიბ რეკლამად რაც შეიძლება ჩაითვალოს – სოციალური თემატიკის გაშუქება პრობლემის მოგვარების  თვალსაზრისით, რამაც, შეიძლება ერთგვარი უპირატესობა მომცეს, არ გაშუქდება“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „პუბლიკასთან“.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ISFED-ის რეკომენდაციიდან შემოწირულობების ნაწილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის და მისი იურისტებისთვის ეს რეკომენდაცია ბუნდოვანია:

„შემოწირულობების ნაწილიც ბუნდოვანია. თუ მათ იგულისხმეს, ესა თუ ის ადამიანი რომ დახმარებას იღებს, მაშინ მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს [თანხა] პირად ანგარიშზე ერიცხებათ. ეს ვერ ჩაითვლება ჩემს შემოწირულობად. თუ იგულისხმეს ის, ფონდში რაც ირიცხებოდა, ფონდმა პირველივე დღეს მისწერა საგადასახადოს, რეკომენდაცია გაგვიწიონ და ამ ერთი თვის განმავლობაში მუშაობას შევწყვეტთ.

მათ facebook-ანგარიშზეც თქვეს, რომელიც ნანუკას ბრენდმა წლების წინ გააკეთა და აწერია „ნანუკას შოუ“, რომელიც იდეაში აღარ არსებობს. დღეს ეთერში გადის „სხვა ნანუკა“. „ნანუკას შოუს“ facebook გამოიყენება ყველა თემისთვის, რაც მე, სახელ ნანუკას მიკავშირდება. ეს გადაცემა [„ნანუკას შოუ], წელიწადზე მეტია, არ გადის და გადაცემის კონტექსტში რატომ განიხილავენ, არ ვიცი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.


29 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ISFED-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზე. კერძოდ, ორგანიზაცია წერს, რომ რადგან ჟორჟოლიანი საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური რეკლამის რეგულაციები.

„23 სექტემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.


23 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი საავტორო გადაცემის „სხვა ნანუკას“ ეთერში გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.