თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ განიხილა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ადმინისტრაციულ საქმე.
შსს მას ედავებოდა 3 იანვარს აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მოსამართლემ ჟორჟოლიანი სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5000 ლარით დააჯარიმა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სხდომის დასაწყისში მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ცაცუამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლეს ჰკითხა, იყო თუ არა 12 იანვარს რესტორან „ბაბილოში“ მოსამართლეთა კორპორაციულ შეკრებაზე.
ტელეწამყვანის განმარტებით, შესაძლოა, მოსამართლეს „პირდაპირი წყენა და ბრაზი ჰქონდეს მის მიმართ“, რადგან იმ დღეს აქციის აქტიური მონაწილე იყო.
ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე ცაცუამ ჟორჟოლიანის შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოზე განაცხადა:
„უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს იცოდეთ. ჩვენ შორის ყოველთვის ორმხრივი თანამშრომლობაა, ნებისმიერ შემთხვევაში ამას პატრულის ყველა თანამშრომელი დაადასტურებს, ყოველთვის გამოვხატავ ღია და საჯარო სიმპათიას მათ მიმართ. მე არ მჯერა იმის, რომ პოლიციელმა მითხრა, რომ ეს უკანონობაა და მე სხვაგვარად ვიმოქმედე.
ამ სასამართლოში მიდის პროცესები და ადამიანებს აჯარიმებენ, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან, თავის თავს ვერ ცნობენ მასალაში და აჯარიმებენ ისეთებს, რომლებიც უკვე გადაკეტილზე მიდიან. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულება, რომელიც თქვენ წარადგინეთ, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე თქვენთან დავაში შემოვიდე. ამ შემთხვევაში საშუალებას ვგულისხმობ, მორალურ მიზეზს არ მაძლევს, რადგან მე ვიცი, ადამიანები როგორ არაფრის გამო ჯარიმდებიან, არაფრის გამო მიდიან ციხეში და როგორ არაფრის გამო ისჯებიან. ამიტომ თქვენ გაქვთ ის მიზეზი და მე ვხედავ ამ მიზეზს, რომ შეიძლება, თქვენ საკმარისად ჩათვალოთ ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად. ამიტომ დავზოგავ თქვენს დროს, მოსამართლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, რომ პატრულმა სამართალდარღვევისკენ მიმითითა და არ დავემორჩილე… მიუხედავად ამისა, გეუბნებით, ის ვიდეო, რომელიც წარადგინეთ საკმარისია, ჩაითვალოს, რომ გზა გადავკეტე. ამიტომ თუ სასამართლო დამაჯარიმებს, მე ვიღებ ამ ჯარიმას, როგორც იმ ჯარიმას, რომელიც უნდა გადავიხადო. აქვე განვმარტავ, ხვალ და ზეგ მე მაინც წავალ რუსთაველის გამზირზე“, – თქვა მან.
მოგვიანებით შსს-ს წარმომადგენელთან კითხვა-პასუხის ეტაპზე ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა: „გეთანხმებით, განზრახვა იყო გზის გადაკეტვა. იქნება ხვალ, იქნება ზეგ, იქნება მანამდე, ვიდრე პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ“.
სხდომაზე გამოჰკითხეს მოწმე პოლიციელიც, რომელმაც თქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან არ მისულა, თუმცა იმ დროს გზაზე ვინც გადავიდა, ყველას განუმარტა, რომ კანონს არღვევდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია „ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.