ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „HONG FA SHANG HAI“ დააკავეს.

„გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „თ” ქვეპუნქტით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.