ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ მარნეულში აქცია გაიმართა

პუბლიკა

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. „რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილები იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. მათ ჯერ პარაკლისი გადაიხადეს და შემდეგ კი განცხადებები გააკეთეს.

შეკრებილებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მიმართა:

„თუ ეს ძეგლი ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფს, თუ ეს ძეგლი ჩვენ წინაპართა სულში ჩაფურთხებაა, მაშინ მე ვეკითხები ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, ხომ არ გვეფიქრა (და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ), რომ ჩვენ ერთად ავიღოთ [ეს ძეგლი] და დავდგათ ისეთი, რომელიც იქნება ჩვენი და აზერბაიჯანელი ძმების ნამდვილი ძმობის სიმბოლო”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საკრებულოსგან ელიან პასუხს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ წერილზე, რომელიც თვენახევარია „მაგიდაზე უდევთ, მაგრამ უარს ამბობენ განხილვაზე”.

„ჩვენმა პატივცემულმა ქალაქის მერმა, რომელიც არჩეულია არა მარტო აზერბაიჯანელი დებისა და ძმების, არამედ ქართველების მიერაც, რომელსაც მივეცით ჩვენ ნდობის მანდატი, დამოუკიდებლობა 26 მაისს მოგვილოცა იმით, რომ აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობის დამსამარებლის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ღირსების აყრა მითხარით, სხვას რას ჰქვია… ჩვენ მოვითხოვთ, ასევე, რომ ვინც თვითმმართველ ქალაქში ზის, მათ შორის საკრებულოს წევრები, მოვიდნენ და საზოგადოებას პასუხი გაგვცენ”, – განაცხადა მან.


მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა.

ეპისკოპოსის განცხადებით, თუ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია იყო შეცდომა, ეს საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე.