ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ, რადგან პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს.

ერთის მხრივ, რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად: კაცი არის სოციალურად დაუცველი, იღებს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის, ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ვიღაცა ონლაინკაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი, განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა გადაცემაში ისევ ისაუბრა ფსიქოტროპული მეტიკამენტების გაყიდვის რეგულაციების გამკაცრებაზე. მისი თქმით, ახალგაზრდებში ამის მოხმარება „უნდა შეჩერდეს, შეწყდეს”.

„ამ მიზნით გუშინ მთავრობის სხდომაზეც ღიად განვაცხადე, მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს. თქვენ მკითხეთ, როგორ გადაიხედება ნარკოპოლიტიკაო – ამ გადახედვის ფარგლებში რა თქმა უნდა, გამკაცრდება რეალიზაცია. აი, ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება, როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორად მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.