ნარკოდამოკიდებული და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ქუთაისში კლინიკა გაიხსნა

პუბლიკა

ქუთაისში საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაციამ ახალი კლინიკა გახსნა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სახის სერვისს შესთავაზებს.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამბობს, სტაციონარი 22 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს მიაწვდის როგორც ფსიქიატრიულ, ასევე ნარკოლოგიურ მომსახურებას. მისივე თქმით, გარდა სტაციონარული განყოფილებისა, კლინიკაში ამ მიმართულების პაციენტებისთვის არის ამბულატორიული სერვისები, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა (ბუპრენორფინი, ნალოქსონი).

სიხარულიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ კლინიკა მორგებულია ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებს.

„ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომ მათთვის სერვისები  გაერთიანდეს ერთ დაწესებულებაში. თანამშრომლების ძირითად ნაწილს აქვს ორივე ლიცენზია, როგორც ფსიქიატრიის, ასევე ნარკოლოგიის”, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ სტაციონარი პაციენტების მიღებას ამ კვირიდან შეძლებს.

მისი თქმით, კლინიკაში იქნება ფსიქორეაბილიტაციის კომპონენტები. ამასთან, პაციენტებს შეეძლებათ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების კონსულტაციის მიღება –  სექსოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი.

„კიდევ ვფიქრობთ გაფართოებას და ინსტრუმენტული მეთოდების დამატებას, როგორიც არის, მაგალითად, ენცეფალოგრამა და ასეთი ტიპის გამოკვლევები”, – ამბობს ის.

რას ნიშნავს ორმაგი დიაგნოზი და როგორია მკურნალობის ძირითადი მიდგომა:

ორმაგი დიაგნოზის პაციენტებს აქვს ერთდროულად როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა. ორმაგი დიაგნოზების მკურნალობის საუკეთესო პრაქტიკა გულისხმობს აღნიშნული პრობლემის კომპლექსურ ინტერვენციას ერთი კონკრეტული სერვისისმიმწოდებლის მიერ. მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური ინტერვენცია, რაც გულისხმობს ნარკოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კომპლექსურად ჩარევას მკურნალობის პროცესში.