შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დააკავეს 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბადებული ე.მ., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 2002 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ჰ.
დაკავებულებს შორის არიან ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, თბილისში დაკავებულ ა.ჰ-ს 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი სამართალდამცველებმა დააკავეს 2 პირი – ე.მ. და ა.ს.. მათ 18 შეკვრად დაფასოებული – 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი ჰქონდათ.
,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” და “ამფეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.