ნარკოდანაშაულის საქმეზე ქრთამის აღებაში ბრალდებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ნარკოდანაშაულის საქმეზე ქრთამის აღებაში ბრალდებულ პროკურორ დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორი დავით შაკიაშვილი გუშინ, 9 მარტს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა თავისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარი. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დასთანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი  საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს“,  – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მან აღნიშნა, რომ „შეცდა და უღირსი საქციელი ჩაიდინა”.

„მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი – პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო”, – განაცხადა შაკიაშვილმა.