ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

მოქალაქე ზურა ნიჟარაძე, რომელიც ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა, ნინო ლალიაშვილმა განუცხადა.

მას პროკურატურა ნარკოდანაშაულის სხვადასხვა მუხლს ედავება, მათ შორის არის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ითვალისწინებს და ისჯება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

როგორც ადვოკატმა „პუბლიკას” განუცხადა, ბრალდების მხარე ნიჟარაძეს ედავება შემდეგი საშუალებების ფლობას: 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინი.

ადვოკატის თქმით, ნიჟარაძეს ბრალში გასაღების მიზანი არ აქვს. ნიჟარაძის დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების იმედი აქვს.

ზურა ნიჟარაძის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში კამპანია მიდის.


საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები არასამართლიანადაა გაწერილი, რაც პრაქტიკაში ქმნის იმ პრობლემას, რომ მისი ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენაც კვალიფიცირდება, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელებიც უფრო მკაცრია.

ბრალში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დღეს მოქმედი ოდენობები ასეთია:

აღნიშნული გრაფადან ჩანს, რომ, მაგალითად, 1 გრამზე მეტი MDMA-ს და 0.001 გრამზე მეტი LSD-ს (ლიზერგინი მჟავა) კანონმდებლობა უკვე განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევს.