ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულს შესაძლოა, „სავალდებულო მკურნალობაც“ მიესაჯოს

პუბლიკა

ნარკოტიკულ დანაშაულზე სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაძლოა, სასჯელის სახედ „სავალდებულო მკურნალობაც“ მიესაჯოს, – ახალი საკანონმდებლო მიდგომის შესახებ  საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ აცნობა.

მისი თქმით, მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ნარკოლოგის თუ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ პირს „ესაჭიროება მკურნალობა”, მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა პირს სასჯელის სახედ „სავალდებულო მკურნალობაც” შეუფარდოს.

„ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას, ეს თქვენთვის უკვე ცნობილი, მეორე მოსმენით ეს გავა მიმდინარე კვირაში, გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა.

ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის წესით, სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი, იმ შემთხვევაში თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა რიგ შემთხვევებში… ეს  შემთხვევები შეფასებული იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია ამას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებული მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, და ზოგადი პრევენციისთვისაც უმჯობესი იყოს ამ სასჯელის დანიშვნა, სხვა სასჯელთან ერთად, ან უამისოდ, ამაზე ვიმსჯელებთ, ეს კიდევ სამსჯელო თემაა.

სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე, ის არის საზოგადოებრივად საშიში, და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, შესაძლოა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ”, – განაცხადა მდინარაძემ.


„ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ მუხლებს ამკაცრებს.

მიდგომა მკაცრდება არა მხოლოდ ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართაც.

იზრდება ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობის ან მოხმარების შემთხვევაში.
ნარკოტესტირებაზე ორჯერ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

მკაცრდება მიდგომა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის კუთხითაც.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების დახვეწა-გაფართოება, ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერა, პრევენციის პროგრამების სრულმასშტაბიანი ამოქმედება, ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური პრობლემების მქონე პირების კოორდინირებული მართვა, მომხმარებლებისადმი ჰუმანური საკანონმდებლო გარემოს შექმნა – ესა არასრული ჩამონათვალი საკითხებისა, რისი მოგვარების აუცილებლობაზეც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე სპეციალისტები და სათემო ორგანიზაციები საუბრობენ.