83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ნარკოდანაშაულზე კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები ისევ მკაცრდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროექტი არჩილ გორდულაძემ წარუდგინა.
კანონპროექტის განხილვის დროს ყველაზე მეტი შეკითხვა „სავალდებულო მკურნალობის“ შესახებ დაისვა. ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ამ მეთოდის მიზანშეწონილობა კითხვის ქვეშ დააყენა, დიმიტრი ხუნდაძემ კი ტერმინის ცვლილება – „არანებაყოფლობითი მკურნალობა“ შესთავაზა.
არჩილ გორდულაძემ და მამუკა მდინარაძემ განმარტეს, რა შემთხვევაში შეეძლება მოსამართლეს „სავალდებულო მკურნალობის“ გამოყენება:
„მინდა, განმარტებისთვის გავაკეთო ერთი განცხადება – სავალდებულო მკურნალობა დაენიშნება პირს მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ მას ამავე დროს ჩადენილი აქვს დანაშაული და სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახედ სავალდებულო მკურნალობა დამატებით დაენიშნება.
მაგალითად, 273-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც განმეორებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში ჩაიდინა და ამავდროულად მოსამართლემ მიიჩინია ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომ მას სავალდებულო მკურნალობა უნდა დაენიშნოს მისი და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროს ენიშნება.
ამავე დროს თუ ჩაიდინა სხვა ნარკოტიკული დანაშაული – შეძენა, შენახვა და ა.შ. მოხმარებაზე საერთოდ არ აქვს ბრალი წარდგენილი, არც ადმინისტრაციულადაა დაჯარიმებული, მაგრამ, მაგალითად, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ისაა მომხმარებელი, არის მძიმედ დაავადებული და ა.შ, ამ შემთხვევაში მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება ექნება, დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნოს სავალდებულო მკურნალობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ მდინარაძის განცხადების საპასუხოდ თქვა:
„დიახ, ბატონო მამუკა, ასეა, მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს სისხლის სამართლის მოსამართლეს ექნება დისკრეცია, რომ თუნდაც 273-ე, 260-ე თუ სხვა გადაჯგუფებულ მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც არის მომხმარებელი, მხოლოდ და მხოლოდ ამ მომხმარებელზე იქნება შესაძლებელი დამატებითი სასჯელის სახით იყოს გამოყენებული სავალდებულო მკურნალობა, ხოლო სავალდებულო მკურნალობა რა წინაპირობებში უნდა იყოს გამოყენებული, ეს უკვე გადასაწყვეტია კონკრეტულ მოთხოვნებზე, მაგალითად, შესაძლებელია, ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იყოს და მათ შორის ამ პიროვნების სუბიექტური მომენტი, ბევრი დეტალი და ამ დეტალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს ექნება დისკრეციული უფლებამოსილება, გამოიყენოს სასჯელად სავალდებულო მკურნალობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში ჯერჯერობით არ ასახულა.
„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ მუხლებს ამკაცრებს.
მიდგომა მკაცრდება არა მხოლოდ ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართაც.
იზრდება ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობის ან მოხმარების შემთხვევაში. ნარკოტესტირებაზე ორჯერ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. მკაცრდება მიდგომა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის კუთხითაც.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების დახვეწა-გაფართოება, ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერა, პრევენციის პროგრამების სრულმასშტაბიანი ამოქმედება, ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური პრობლემების მქონე პირების კოორდინირებული მართვა, მომხმარებლებისადმი ჰუმანური საკანონმდებლო გარემოს შექმნა – ესაა არასრული ჩამონათვალი საკითხებისა, რომელთა მოგვარების აუცილებლობაზეც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე სპეციალისტები და სათემო ორგანიზაციები საუბრობენ.