„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტმა პარლამენტში მხარდაჭერა უკვე მეორე მოსმენით მოიპოვა. ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით მასში მათ შორის ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის (EMC) გურამ იმნაძის შეფასებით, პარლამენტმა რიგი რეკომენდაციებისა გაითვალისწინა, თუმცა არის საკითხები, სადაც თავდაპირველი მიდგომა უფრო გამკაცრებულია და რასაც უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
I – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა (260-ე მუხლის მე-3 ნაწილი)
ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით სწორედ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მიდგომა უფრო ხისტი გახდა. კერძოდ, თავდაპირველი ვერსიით, ამ მუხლით მსჯავრდებული პირი სრულად თავისუფლდებოდა სასჯელისგან, მეორე მოსმენით მხარდაჭერილი ვერსიით კი სასჯელი ნახევრდება. ასევე გაჩნდა დათქმა ნასამართლობის შესახებ.
II – ნასამართლობის დათქმა
განსხვავებით თავდაპირველი ვერსიისა, ნარკოტიკული დანაშაულის რიგ მუხლებზე (260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილი, 261-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი) კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომ სასჯელი შეუმცირდება მხოლოდ ნასამართლობის არმქონე პირებს.
იმნაძის განმარტებით, ეს დათქმა ნიშნავს იმას, რომ თუკი მსჯავრდებულს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის აქვს ნასამართლობა, მაშინ ის ჩაითვლება ნასამართლეობის არმქონედ, ანუ ნარკოტიკული დანაშაულის რიგ მუხლებზე ამნისტია შეეხება იმ პირებს, ვისაც ჩადენილი არ აქვთ სხვა დანაშაული, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა.
„ეს ჩანაწერიც შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, ვინაიდან ვიცით ჩვენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ადეკვატური სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამები, შეიძლება ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა ჩაიდინოს ქონებრივი დანაშაული – ქურდობა. ასეთი მიზეზით ამნისტიის არგავრცელება ამ ადამიანებზე ვფიქრობთ, უსამართლობაა“, – ამბობს იმნაძე „პუბლიკასთან” საუბრისას.
III – უფლებების აღდგენის საკითხი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შესაბამისს სასჯელთან ერთად მსჯავრდებულ პირს რამდენიმე წლით ასევე ჩამოერთმევა ისეთი უფლებები, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა, საექიმო/ფარმაცევტული, საადვოკატო თუ პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, კი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება ჩამორთმეული უფლებები.
EMC-ის შეფასებით, მსგავსი მიდგომა უნდა გავრცელებულიყო ისეთ პირებზე, ვინც არც საპატიმრო დაწესებულებაში და არც პირობით მსჯავრის ქვეშ აღარ არიან და უფლებები კვლავ ჩამორთმეული აქვთ. იმნაძე ამბობს, რომ პარლამენტმა მათი ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა.
„ამაზე გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია და ასეთ ადამიანებზეც გავრცელდება ამნისტია. უბრალოდ, აქაც ერთი შეზღუდვა შემოვიდა – იარაღის გარდა აღდგება ყველა უფლება, ეს პრინციპში არც არის პრობლემა, მაგრამ უშუალოდ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით ავტომატურად კი არ აღდგება ეს უფლებები, არამედ მსჯავრდებულებმა უნდა მიმართოთ პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელმაც უნდა განიხილოს რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული პირი ამა თუ იმ პირობას. და ასევე წარდგენილი უნდა იყოს ნარკოლოგიური ცნობა. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას – დაუბრუნებს თუ არა პირს მართვის უფლებას.
ეს გამკაცრება ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ვინაიდან, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა რომელიმე ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეციფიარია, შეიძლება მათაც შეექმნათ პრობლემები უფლებების აღდგენის თვალსაზრისით, რასაც პრობლემურად მივიჩნევთ“, – ამბობს იმნაძე „პუბლიკასთან” საუბრისას.
IV – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა (260-ე მუხლის მე-6 ნაწილი)
ინიცირებული ვერსიით, კანონპროექტს მიღმა რჩებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობის მუხლი – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი და სწორედ ეს საკითხი იყო კრიტიკის მთავარი მიზეზი. კრიტიკის საფუძველი კი არის ის, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სამართლიანად არაა განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები და განსაკუთრებით დიდ ოდენობად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ისეთი ოდენობა, რომელსაც პირი შეიძლება პირადი მოხმარების მიზნით ფლობდეს.
მეორე მოსმენით მხარდაჭერილი ვერსიით კი პარლამენტმა ამნისტია ამ მუხლზეც გაავრცელა სასჯელის ¼-ის შემცირებით.
„განსაკუთრებით დიდ ოდენობასთან დაკავშირებით ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ მეტად თამამი იქნებოდა პარლამენტი, იმიტომ, რომ როცა სამართლიანად არ არის განსაზღვრული ოდენობები, შეიძლება 1 გრამზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა ჩაითვალოს განსაკუთრებით დიდ ოდენობად, და ასეთ პირობებში, როცა სხვა დამამძიმებელი გარემოება არ აქვს მსჯავრდებულს, მხოლოდ 1/4-ით სასჯელის შემსუბუქება, შეიძლება არ იყოს ბოლომდე საკმარისი სასჯელის უსამართლობის დასაბალანსებლად“, – ამბობს იმნაძე.
V – ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე გატანა-შემოტანა (262-ე მუხლი)
იმნაძის შეფასებით, სამართლიანი იქნებოდა პარლამენტს ემსჯელა ამ მუხლთან დაკავშირებითაც და გარკვეული შემსუბუქება შემოეღო იმ მსჯავრდებულებზე, ვის საქმეშიც გამოიკვეთებოდა პირადი მოხმარების მიზანი.
„ცხადია, აქ რამდენიმე დათქმა უნდა ყოფილიყო, რომ თუ ეს არ იყო ორგანიზებული დანაშაული, ასევე თუკი გასაღების მიზნებს არ შეიცავდა და თუ ცალსახა იყო, რომ პირადი მოხმარების მიზნით შემოიტანა მსჯავრდებულმა ეს ნარკოტიკული საშუალება, მათზეც რაღაც ფორმით უნდა გავრცელებული ამნისტია, თუნდაც სასჯელის ნაწილობრივ გაუქმებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – ამბობს იმნაძე.
VI – ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება (265-ე მუხლი);
ამნისტიის კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ამ მუხლზე ამნისტია არ ვრცელდებოდა და სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტების შედეგად, პარლამენტმა ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა. შედეგად, სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები და ¼-ით შეუმცირდათ სასჯელი 265-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მსჯავრდებულებს.
„აქაც, ჩვენი შეფასებით თუ სხვა დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს საქმეში, შეიძლებოდა სასჯელის უფრო მეტი წილი გაუქმებულიყო. ფაქტია, რომ უფრო ფრთხილი პოლიტიკა აირჩია პარლამენტმა“, – ამბობს იმნაძე.