ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით შსს-მ 4 ადამიანი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის წევრობისა და ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკების გაყიდვიდან ფულის მისაღებად ჯგუფი ინტერნეტტოტალიზატორს იყენებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს ინტერნეტტოტალიზატორის გამოყენებით მართავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი, ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ.

კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, არიცხვინებდნენ თანხებს, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, წელს ამ სქემით ნარკოტიკების რეალიზიიდან დაკავებულებმა 2 მილიონ ლარამდე მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.