2021 წლის 25 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საია-ს საჩივარი დააკმაყოფილა და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.
საია წერს, რომ მომჩივნები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის/მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და 2009 წელს ოპოზიციური პარტიების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია ასაბუთებდა, რომ 2009-10 წლებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მომჩივნებს, მათი პირადი ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღი და/ან ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს; ხოლო, ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივანთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები მხოლოდ – ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციებს ასრულებდნენ და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.
„ტლაშაძისა და კაკაშვილის საქმეში ევროპული სასამართლო უმეტესწილად საიას ერთ-ერთ წარმატებულ საქმეს, მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, დაეყრდნო, რომელზეც გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში გამოცხადდა. საიას ევროპულ სასამართლოში, დამატებით, კიდევ ორი საქმე აქვს წარდგენილი, რომლებიც იდენტურ პრობლემებს ეხება. მეგრელიშვილის, ტლაშაძისა და კაკაშვილის გადაწყვეტილებებით ცხადი ხდება, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც პირებს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა. მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად”, – წერს საია.
განცხადების სრული ვერსია ნახეთ ბმულზე;