ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოზარდებისთვის ფსიქოლოგის ცხელი ხაზი ამოქმედდება - კილაძე

პუბლიკა

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. მან აღნიშნული სიახლე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაანონსა.

„ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ Unicef-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერზე (111) ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს.

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.