ნარკოტიკის შესაძლო ფლობის საქმეზე მისულ პოლიციელს იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 30 წლის კაცი მოკვდა - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს პოლიციელი, რომელსაც წყნეთში პირის დაკავებისას სამსახურებრივი იარაღი გაუვარდა, რასაც 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, პოლიციელი ადგილზე ნარკოტიკული საშუალების შესაძლო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით იყო გამოცხადებული.

„წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.