„ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლა კვლავ რეპრესიულია" | 2021 წლის ტენდენციები

პუბლიკა

„არ შეცვლილა სახელმწიფოს მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით. მკაცრი ნარკოპოლიტიკა კვლავ წარმოადგენს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილს. შესაბამისად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლა კვლავ რეპრესიული და არა ზრუნვაზე ორიენტირებული ინსტრუმენტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში – „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – 2021 წლის ტენდენციები”.

დოკუმენტი რამდენიმე ქვეთავს მოიცავს, ამჯერად გთავაზობთ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით გასული წლის ტენდენციებს:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, რაც წარმოდგენილ ანგარიშზე მუშაობისას ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქნა გამოყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 2021 წელს სულ გამოვლინდა 3873 ნარკოტიკული დანაშაული. აღნიშნული რიცხვი 12%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

საანგარიშო წელიწადში, წინა წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შეინიშნებოდა დევნის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება, თუმცა აღნიშნული ტენდენცია 2021 წელს შენარჩუნებული არ არის. მაგალითისთვის, 2019 წელს ყველა სახის ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5120 პირის მიმართ, 2020 წელს კი 2946 პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. 2021 წელს დევნის დაწყების მაჩვენებლის მცირედი ზრდა კვლავ შეინიშნება და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3319 პირის მიმართ, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს.

2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული 2593 პირის ბრალდების საქმიდან 2 569 პირის მიმართ გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, 6 პირი გამართლდა, ხოლო 18 პირის მიმართ განხილული საქმე დასრულდა სასჯელის დაუნიშნავად. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ყველა სახის ნარკოტიკულ დანაშაულზე შემცირებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. 2 569 მსჯავრდებულიდან, თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 354 პირს დაენიშნა.

2021 წელს, შეიძლება ითქვას, პირველი ინსტანციის სასამართლოები ინტენსიურად იყენებდნენ არასაპატიმრო სასჯელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით, 2021 წელს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ყველაზე იშვიათად გამოიყენებოდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. საანგარიშო წელს სასამართლოს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო პირობითი სასჯელი. განხილულ საქმეთა 56%-ში მსჯავრდებულებს სწორედ პირობითი სასჯელი დაენიშნათ.

ამასთანავე, სასამართლო ინტენსიურად მიმართავდა ჯარიმასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და მათი პროცენტული წილი დანიშნულ სასჯელებში, შესაბამისად, 15 და 14 პროცენტს წარმოადგენს.

ნარკოტესტირება

ნარკოლოგიურ ტესტირებებზე პირთა წარდგენის მაჩვენებელი 2016 წლიდან თითქმის ყოველწლიურად იკლებს. 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ჯამურად, იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა საერთო ოდენობამ 41 504 პირი შეადგინა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე

ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მცირე ოდენობით ფლობა, პირველ ჯერზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დაწესებული სანქციით, 500-ლარიანი ჯარიმით ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების წელიწადში მეორედ მოხმარებისთვის სანქციას კი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისწინებს.

აღნიშნულისგან განსხვავებული წესი მოქმედებს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარებასთან ან მცირე ოდენობით ფლობასთან დაკავშირებით. პირად საკუთრებაში არსებულ არასაჯარო სივრცეში მარიხუანის მოხმარება არ ისჯება, თუმცა კანონმდებელი მთელ რიგ შემთხვევებში მარიხუანის მოხმარებას კრძალავს და ჯარიმის შესაბამის სანქციასაც აწესებს, რომლის ოდენობაც 500-იდან 2000 ლარამდე მერყეობს.

ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების დინამიკის შესასწავლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა 2020-2021 წლების სტატისტიკა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის როგორც 45-ე, ისე 45 პრიმა მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა.

„როგორც წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, ჯამში, 2021 წელს 719 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან მცირე ოდენობით ფლობის ფაქტზე, რომელთაგან მხოლოდ 4 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან დაკავშირებულ სტატისტიკას, 1313 სახდელდაკისრებულ პირთაგან ყველას დაენიშნა ჯარიმა, ვინაიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღარ ითვალისწინებს საპატიმრო სახდელს მარიხუანის მოხმარებისთვის”, – ნათქვამია ანგარიშში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ნარკოვითარების გაუმჯობესებისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის კუთხით გადადგას შემდგომი ნაბიჯები:

• ჰუმანური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარება იქცეს სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებად. საკითხი აღიქმებოდეს არა საპოლიციო და სისხლისსამართლებრივი, არამედ ჯანდაცვის კუთხიდან და გატარდეს საამისოდ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები;

• სახელმწიფო დაწესებულებებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და საერთო სასამართლოებმა დახვეწონ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები. სახელმწიფო ორგანოებმა ნარკოტიკულ დანაშაულებზე შესაბამისი სტატისტიკა დაამუშაონ შესაბამისი მუხლის, ნაწილისა და პუნქტის გამიჯვნით;

• შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას უზრუნველყოს დაინტერესებული პირების, ექსპერტებისა და სათემო ორგანიზაციების ჩართულობა. კანონმდებლობა არ დაამძიმოს სათანადო მტკიცებულებებისა და კვლევების წარმოდგენის გარეშე, პირიქით, გადადგას ნაბიჯები მკაცრი ნარკოპოლიტიკის ძირეული გარდაქმნისა და ადამიანის უფლებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებისკენ;

• განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კოორდინირებით, გაძლიერდეს პრევენციისა და ზიანის შემცირების მიმართულებები. სახელმწიფომ ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპიოიდებით ჩანაცვლების პროგრამები და გააუმჯობესოს არსებული სერვისები.