ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნება

ნათია ამირანაშვილი

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 1 მარტიდან ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების მიხედვით, ცენტრი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში იქმნება.

ცენტრის მიზანი:

ცენტრის დებულების მიხედვით, მონიტორინგის ცენტრის მიზანია ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ან/და უკანონო გავრცელების თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და შეფასება, აგრეთვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა.

დებულებაში აღნიშნულია, რომ უწყებათაშორისი საბჭო უზრუნველყოფს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის  (EMCDDA) მიერ განსაზღვრული ინდიკატორების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების დამუშავებას, მათი მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას;

ასევე, ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების საკითხზე ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშების მომზადებას და უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენას;

ცენტრის სტრუქტურა:

დებულების მიხედვით, მონიტორინგის ცენტრს უხელმძღვანელებს უწყებათაშორისი საბჭოს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.

მონიტორინგის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებასა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო, რომელიც შედგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან.

მონიტორინგის ცენტრის სტრუქტურული ერთეულები იქნება მონაცემთა კვლევის დანაყოფი და საკონსულტაციო დანაყოფი.

დებულების მიხედვით, მონაცემთა კვლევის დანაყოფის საქმიანობის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით, ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ცენტრის სპეციალური და ყოველწლიური ანგარიშების შემუშავება.

მონაცემთა კვლევის დანაყოფი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, ჯანდაცვის სექტორსა და თემატურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებთან, სერვისის მიმწოდებელ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და კერძო დაწესებულებებთან.

მონაცემთა კვლევის დანაყოფის შემადგენლობაში შედის ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ეპიდემიოლოგიის დარგის 5 წარმომადგენელი.

რაც შეეხება საკონსულტაციო დანაყოფს, მის ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა, ამავე დანაყოფის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და ანგარიშებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და პროფესიული კონსულტაცია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ,  საკონსულტაციო დანაყოფი შედგება 6 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან. ესენია: იუსტიციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური;

ასევე, ცენტრის დებულებაში აღნიშნულია, რომ  საკონსულტაციო დანაყოფის მუშაობაში, ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევით, მონაწილეობს ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების ან/და ადიქტოლოგიის, ასევე, მომიჯნავე დარგების 5 ექსპერტი.


იუსტიციის სამინისტრომ ნარკოვითარების ცენტრის შექმნა თავდაპირველად 5 წლის წინ, 2014 წლის ოქტომბერში დააანონსა. წლებია, დარგის ექსპერტები ცენტრის არსებობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ფოტო: „რადიო თავისუფლება“

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, მკვლევარ დავით ოთიაშვილის შეფასებით, ცენტრის სტრუქტურა რთული და გადატვირთულია. მისი თქმით, მას ეს პოზიცია დაფიქსირებული ჰქონდა უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა მონიტორიგის ცენტრის შექმნასა და მის დებულებაზე.

ოთიაშვილის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის შექმნა წლების განმავლობაში იწელებოდა, მისი ამოქმედება მისასალმებელია. რაც შეეხება მის სტრუქტურას, ოთიაშვილი ამბობს, რომ მუშაობის პროცესში გამოჩნდება ხარვეზები და თავადაც მიხვდებიან, რომ სტრუქტურა შესაცვლელი იქნება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ [ცენტრი] არც ერთი უწყების ქვეშ არ უნდა იყოს, რომ სრული დამოუკიდებლობა ჰქონდეს და ობიექტურობა შენარჩუნებული, თუმცა არ შვებიან ამას.

ჩვენი კომენტარი იყო მაშინ ასეთი, რომ ძალიან გადატვირთული სტრუქტურაა, რთული, გაურკვეველი. ჩემი გამოცდილებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ 5 სახელმწიფო უწყებაა რელევანტური და არც ერთს რომ არ ეგონოს თავი პროცესიდან გათიშული…, ვითომ ეს მოდელი არის მეტნაკლებად მისაღები კონსენსუსი ყველა დაინტერესებული მხარისთვის. განსაკუთრებით, 5 წლის წინანდელი ამბავი რომ გავიხსენოთ, შსს იჩენდა ინტერესს, რომ აუცილებლად აქტიურად უნდა ყოფილიყო ამ ამბავში ჩართული და უნდოდათ, რომ შსს-ში ყოფილიყო ეს ცენტრი“, – ამბობს ოთიაშვილი.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნების პრაქტიკას მონიტორინგის ცენტრის სტრუქტურაზე, ოთიაშვილი ამბობს, რომ სტანდარტული მოდელი არ არსებობს და ქვეყნის გადასაწყვეტია, სად და როგორ დააკომპლექტებს ცენტრს. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების გათვალისწინებით, ძირითადად სამი მოდელის გამოყოფა შეიძლება:

„პირველი – არის რომელიმე სამინისტროს ქვეშ – ან ჯანდაცვის ან შსს-ს ან სხვა. მეორე – ჩეხეთს აქვს ასეთი მოდელი მაგალითად – დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია იმით, რომ ცენტრი არც ერთ სამინისტროს არ ექვემდებარება, მხოლოდ – პრემიერ-მინისტრს. მინისტრები ზეგავლენას ვერ ახდენენ. მესამე მოდელი კი არის აკადემიურ ინსტიტუციაში, ანუ რომელიმე უნივერსიტეტში. ეს სამი ძირითადი მოდელია და ქვეყანა თავად ირჩევს”.

„ჩვენი მოდელი , ვფიქრობ, ყველაზე ჩახლართულია. მსჯელობისას მე ვთქვი, რომ არ მომწონს, მიმაჩია, რომ არ არის ოპტიმალური, მაგრამ იმდენი წელია გაიწელა და ვერ ავამუშავეთ ეს ცენტრი, რომ , კი ბატონო, თუ გინდათ, ამით დაიწყეთ და მერე მიხვდებით, რომ შესაცვლელი გექნებათ სტრუქტურა. ოღონდ, მოდი, დავიწყოთ თუნდაც ასეთი სტრუქტურით და ფორმით. ეს იყო ჩემი კომენტარი ბოლოს“,  – აცხადებს ოთიაშვილი.