ნატა საბანაძე, რომელიც ბელგიაში საქართველოს ელჩი იყო და თანამდებობა ამა წლის მარტში დატოვა, პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა და საგარეო მიმართულებით გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას კი პრესსამსახური ავრცელებს. ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან ნატალია საბანაძესთან ერთად შეხვდა.
„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს – მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
ნატა საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე იგი ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა.
ეუთოს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა.