მწერალთა სახლის დირექტორს, ნატაშა ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა გუშინ ამოეწურა.
კულტურის სამინისტროდან წერილზე, რომლითაც მინისტრს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავდა, პასუხი არ მიუღია.
ნატაშა ლომოურის თქმით, 2 აგვისტოს შემდეგ (როცა აცნობეს ვადის ამოწურვის თაობაზე) სამინისტროს არცერთ წარმომადგენელს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც ის იცის, ვის მოიაზრებს სამინისტრო მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე.
ნატაშა ლომოურმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, სავარაუდოდ, ხვალ განაცხადებს სამინისტრო მწერალთა სახლის ახალი დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ.
2 აგვისტოს ნატაშა ლომოურს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის გასვლის შესახებ აცნობეს. ნატაშა ლომოურმა 2 აგვისტოსვე მიმართა მინისტრს და აცნობა, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.
რას წერდა ნატაშა ლომოური 2 აგვისტოს
„გუშინ დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ 5 დღეში მეწურება მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა.
ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო სექტორი უნდა უფრთხილდებოდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ თავისი საქმის მიმართ, რადგან ეს სიყვარული ყოველთვის ითარგმნება დიდ ძალისხმევაში და პროფესიონალიზმში.
მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს – ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას – რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.
p.s. ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე – არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროვებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!
დღეს უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით.“