„ეს არავითარი დოკუმენტი არ არის. ეს არის ივანიშვილის მორიგი აფიორა, დაახლოებით, უფასო ფულის მსგავსი. ოღონდ, ამ აფიორის რეალიზაციას ცდილობს ჩვენს სტრატეგიულ დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებიც წარმოადგენენ მორწმუნე ცივილიზაციას, სადაც ტყუილები და გადაგდება არ მოსულა და ახლა სწავლობენ ამ არსების ეგოზტიკურ ბუნებას“, – განაცხადა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოაწერს თუ არა ის ხელს ევროკავშირის დოკუმენტს და რას გადაწყვეტს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
შალვა ნათელაშვილის თქმით, გამორიცხულია ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელშიც წერია, რომ ადგილობრივი არჩევნების მიხედვით გადაწყდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი.
შეკითხვაზე, რა გზა რჩება ოპოზიციას, ნათელაშვილი პასუხობს, რომ ამ გზას ჰქვია „დაუმორჩილებლობა, საპროტესტო მოძრაობა, მოლაპარაკების გაგრძელება“.
ნათელაშვილის ხედვით, რაც მეტად გამწვავდება ეს პროცესი და „ქართული ოცნება“ არასერიოზულ დანაშაულებრივ დაპირებებში ჩაიფუშება, მეტად აიწევს ხარისხი მონაწილეთა სტატუტარული მდგომარეობისა“.
ნათელაშვილის თქმით, თუ ცოტას კიდევ გაძლებენ, შტატების სახელმწიფო მდივანიც კი პირადად ჩაერთვება კრიზისის დარეგულირებაში.
„იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, ნერვების ომი უნდა მოვიგოთ“, – თქვა მან.