„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული გოგი წულაია პოლიტპატიმარია.
„ოპოზიციონერ გოგი წულაიას დაპატიმრება ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა, ამ მოღვაწის პოლიტიკური პოზიციისა და საქმიანობის გამო,რაც მთლიანად ჯდება მიმდინარე სასტიკი რეპრესიების ტალღაში.წაყენებული ბრალი კი აგებულია სპეცსამსახურთა მიერ მომზადებულ–პროვოცირებული ბინძური ოპერაციის სქემაზე. ამრიგად დასჯილთა რიგებს შეემატა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, „ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული“.
გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
ადვოკატის თანახმად, გოგი წულაია ძალადობის ჩადენის ფაქტს უარყოფს