დღევანდელი ოპოზიციისა და ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვეძებთ. ჩვენ გვქონდა დისკუსია იმ შვიდ პარტიასთან, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება ყველა მხარის მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის, [„ინტერპრესნიუსის“ თარგმანი], – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ ფასილიტატორების თხოვნით.