ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე მოითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.
2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. ნათია კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ამ საქმეზე პირველი სხდომა ორი წლის შემდეგ ჩაინიშნა. საია მიუთითებდა, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა.